გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის, ამიტომაც არ ველოდები, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს და მის სამთავრობო გუნდს საპარლამენტო უმრავლესობიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არ ელოდება ოპოზიციის კონსტრუქციულობას.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ და მთელი საქართველო ვემზადებით 2024 წლის 26 ოქტომბრისთვის, არჩევნების დღისთვის, სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება 27 ოქტომბრისთვის, მეორე დღისთვის. ისინი აქედანვე იწყებენ წუწუნს და აანონსებენ, რომ არჩევნებს არ ენდობიან. ეს კინო ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი. სამწუხაროდ, ამიტომაც არ ველოდები, რომ იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია, მათ შორის ამ სამთავრობო მოსმენების დროს, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შეიძლება, რამდენიმე დეპუტატმა კონსტრუქციულად დასვას კითხვა. მთავარია, რომ ჩვენ შევძლებთ ახალი მთავრობის დამტკიცებას და შემდგომ უკვე საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ავტორი თანამედროვე საქართველოს კონსტიტუციის, როდესაც საქართველო გახდა საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა.
„საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, როდესაც საპარლამენტო წიაღიდან, უმაღლესი თანამდებობიდან მთავრობაში მიდის პარლამენტის წევრი, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე, თან თავისი რესურსებით, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო კარგად იქნება მართული ქვეყანა როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდიდან. საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როდესაც ეს პრაქტიკაც გავლილი გაქვს, თან მენეჯერულ პოზიციებზე: იყო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მყისიერად მოხდება მისი პოზიციონირება, რასაც ჰქვია პრემიერ-მინისტრი და პროცესები საქართველოში იქნება კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.