გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ამერიკის საელჩოდან ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, საელჩო თუ იტყვის, ეს ის არ არის, რაც გგონიათო, საზოგადოება ამას არ მიიღებს
სამწუხაროდ, ამერიკის საელჩოდან ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია და აშშ გააგრძელებს საქართველოში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
მაჭარაშვილის თქმით, ამერიკის საელჩო თუ იტყვის, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ მიიღებს.
„საზოგადოებამ ის სემინარი საჯაროდ ნახა, სადაც პირდაპირ მიდიოდა სწავლება ძალადობასა და რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერების ავთენტურობა თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს და ასევე აღიარეს ის, რომ ისინი ძალადობას ქადაგებენ. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ძალიან ღიმილიანი სახით კი ამბობდა, რომ ასწავლიდნენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან თუ როგორ უნდა მოხდეს იძულებით პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით და თუ ეს არ მოხდა, ჩამოშლა უნდა მოხდესო – თურმე ჩამოშლა პარლამენტის ჩამოშლას ნიშნავს. ამერიკის საელჩო თუ იტყვის, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.