გურამ მაჭარაშვილი - სამწუხარო ფაქტი მოხდა, დაველოდოთ ექსპერტიზას და გამოძიებას
სამწუხარო ფაქტი მოხდა, ადამიანის გარდაცვალება, დაველოდოთ ექსპერტიზას და გამოძიებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ცუდი ფაქტი მოხდა, სამწუხარო ფაქტი, ადამიანის გარდაცვალება. მეორეს მხრივ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ობიექტურები. დაველოდოთ, პირველ რიგში, ექსპერტიზას და გამოძიებას, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც უნდა ვთქვათ, რომ არც თუ ისე იშვიათად და დღესაც ოპოზიციის ნაწილი ამას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. თურმე, მათ შეუძლიათ, რომ წინასწარ დააანონსონ შედეგები. აი, ამ მწუხარე ოჯახის ტრაგედიიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა რითი გარდაიცვალა და ყველა შემთხვევაში უნდა გადადგეს მთავრობაო. ანუ მათ ამის უფლება აქვთ და გამოძიებას არ აქვს იმის უფლება, რომ მაგალითად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ის ღია ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეში შეიძლება, რომ გადაამოწმო. ამიტომ კიდევ ერთხელ, ეს სამწუხარო ფაქტია, გამომდინარე აქედან, მაინც უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას და ისე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივია, გამოძიება. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, იმასაც, ვინ მანიპულირებს ამ სამწუხარო ტრაგედიით. სამწუხაროდ, ესეც არაერთხელ გვინახავს საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.