გურამ მაჭარაშვილი - სამუშაო ჯგუფების ფარგლებში შეხვედრები არ იქნება დახურული, ვნახავთ, როგორ ჩაერთვება უმრავლესობა რეკომენდაციების შესრულებაში და როგორ იზარმაცებს ოპოზიცია
ცხრა რეკომენდაცია იქნება, 12 პირობა თუ 27 შეთანხმება, საპარლამენტო უმრავლესობა ამას ყოველთვის ასრულებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მისივე თქმით, „ყველა კარგად ხედავს, რომ 2024 წელს ის მთავარი ფხა, რომელიც ყელში გაეჩხირა ოპოზიციას და ახრჩობს, ეს არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოპოზიციისთვის, რომელსაც ეს ფხა აქვს გაჩხერილი, მისი ყელისა და თავის ტკივილი 2024 წელს იქნება ქვეყნის წარმატება. ბუნებრივია, ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს და შეთანხმებებს, ევროპასა და ევროკავშირში კარგად იციან, საპარლამენტო უმრავლესობა როგორ მუშაობს და როგორ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით როგორი ფორმატი იქნება, სად რა შეხვედრა ჩაინიშნება და მასში როგორ მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ჩვენი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ეს არ იქნება დახურული პროცესი, როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი არ იყო დახურული და საჯაროდ ნახა ხალხმა, რომ ჩვენ ვმუშაობდით და ოპოზიცია ზარმაცობდა. მეტიც, საბოტაჟს ეწეოდა. ასევე ხალხი ნახავს, 6 თებერვლიდან როგორ ჩაერთვება საპარლამენტო უმრავლესობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში და როგორ იზარმაცებს ოპოზიცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ საჯაროდ აღიარებენ, რომ ქვეყნის წარმატება მათი პოლიტიკური წარუმატებლობის საფუძველია.
„ისინი ამბობენ, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, რაც არის წარმატება, მათი მომავალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იქნება პრობლემა, თან ამას ამბობენ საჯაროდ. ვერასდროს ვერც გაერთიანდებიან და ვერაფერს გააკეთებენ იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკური ჯგუფი იქნება ქვეყანაში, რომლისთვისაც ქვეყნის წარმატება მისი პოლიტიკური წარუმატებლობის საფუძველი გახდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.