გურამ მაჭარაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების ახირებული პროტესტი ჰგავს იმას, აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო, არ ჩააბარებს და ვერ ჩაირიცხება, არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან
სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი დაახლოებით ჰგავს იმას, აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო. არ ჩააბარებს და ვერ ჩაირიცხება, არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. იხადონ ის ჯარიმები, სხვა სანქციები არ გვაქვს, მართლა იმ რუსული კანონისგან განსხვავებით, სადაც სანქციებია გაუქმება. ჩვენთან ლიბერალური მიდგომაა და ვინც არ დარეგისტრირდება, მას ექნება გაფრთხილება და თუ არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება. როცა ამბიცია გაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ხარ და გინდა, საზოგადოება დააკავშირო მთავრობას, მაგრამ ამ დროს უპასუხისმგებლოდ იქცევი და ამბობ, რომ ქვეყანაში კანონმდებლობას არ დაემორჩილები, რა თქმა უნდა, ისედაც განულებული რეიტინგი აბსოლუტურად განულდება. ამბობენ, უცხოეთში წავალთ და დავრეგისტრირდებითო. ამას ვამბობთ, რომ ეს ხალხი საქართველოში უცხოურ ძალას წარმოადგენს და არა – საზოგადოების ინტერესებს. თავად აღიარებენ, რომ უცხოური ძალა არიან. ეს არის მათი მხრიდან პირდაპირი აღიარებითი ჩვენება. თუ რაიმე არ აქვთ დასამალი, რა პრობლემაა, რომ დარეგისტრირდნენ და თქვან, რა ფული დახარჯეს? ამის პიარსაც გავაკეთებთ და ხალხი მადლობას ეტყვით. რა აქვთ დასამალი? თუ დასამალია, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ და ბომბები უნდა შეიძინონ, რომ შემდეგ წვიმასავით გამოუშვან საქართველოში, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.