გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილს არავინ ჩაატარებინებს ლექციას, როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია
ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, რეალურად, დამთავრებულია. ამ ფუნქციებს ფორმალურად ინარჩუნებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ ხელმოწერების კამპანიას, რომლის სახელწოდებაა „ჩვენი ხმა ევროპას“, ამ საკითხზე კომენტირებისას მაჭარაშვილმა აღნიშნა:
„ვინმეს თუ გააგებინა, რა ხელმოწერებს აკეთებს, იმ ადამიანმა თქვას, რაზეა საუბარი. ევროპაში ინტეგრაციისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი მომენტი სრულდება 15 დეკემბერს, როდესაც დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ. ხმაზე თუ არის საუბარი, მისი არათუ თუ ევროპას, საკუთარ თანამშრომლებსაც აღარ ესმით. მან ეს ხმა დაკარგა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. მან, როგორც პრეზიდენტმა, ლეგიტიმაცია დაკარგა არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არამედ მაშინ, რაც გამობრძანდა და ჯერ ხალხს აგინა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ზედ დააყოლა. როგორც მინდა, რასაც მინდა, ისე გავაკეთებო, ეს პირდაპირ ეთერში თქვა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა, კონსტიტუცია შენ დაარღვიეო. რა თქმა უნდა, ხელმოწერები არასერიოზული იქნება და ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
„მაინტერესებს ერთი სტუდენტი მაინც, რომელიც დაესწრება, თუ ზურაბიშვილი ჩაატარებს ლექციას, როგორ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როგორ უნდა გადაახიოს თავზე კონსტიტუცია ჯერ ხალხს, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, ყველა უარს იტყვის, ასეთი ტიპის ლექცია ჩაატაროს ზურაბიშვილმა. სხვა ენა მან არ იცის, ყოველ მეორე წინადადებაში, თუ ყველაში არა, საქართველოს საწინააღმდეგო სიტყვებია. მას არავინ ჩაატარებინებს ლექციას – როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.