გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს, ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და სალომე ზურაბიშვილი, ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება
სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს. ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი დააანონსა, მაგრამ, რეგიონების ნაცვლად, თავიანთი უცხოური ძალის წარმომადგენლებთან დადიან. ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს არავინ შეეკითხება, თანამდებობიდან გადადგება თუ არა.
„რადიკალურ ოპოზიციას ერთი პოლიტიკური დირიჟორი ჰყავს, რომელმაც ერთი აგენტი დაუნიშნა „ნაცმოძრაობასაც“, „ლელოსაც“. გეგმაზე თავად ვერ თანხმდებიან, რადგან ხვდებიან, რომ, 5 ნომრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არავის აქვს. ამიტომ არის, რომ ზოგი ამერიკულ მუსტანგზე შემომხტარი აპირებს ქართული არჩევნების მოგებას, ზოგი ლეიბების რევოლუციას აანონსებს, ზოგს გაერთიანება უნდა, ოღონდ ვისთან, ჯერ არ იცის. ზოგი გამოდის, მაგრამ სად გამოდის, ის არ იცის. ამ მოცემულობას მათი უცხოური ძალის წარმომადგენელი პატრონი ხვდება. ამიტომაც არის, რომ, ჰოი საოცრებავ, სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, ოპოზიციას შეუერთდეს, რაც კარგი იქნება იმისთვის, რომ მცირე რესურსი რაც აქვს დარჩენილი, ისიც აღარ ექნება. ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და თავზე – ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება.
სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი ასეთია – როცა უცხოური ძალის პროცესში შედიხარ, არავინ გეკითხება, სად იქნები და რას გააკეთებ. ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი დააანონსა, მაგრამ, რეგიონების ნაცვლად, თავიანთი უცხოური ძალის წარმომადგენლებთან დადიან. რატომ? ისინი ეუბნებიან, სად მიდიხართ, თქვე უბედურებო, რეგიონებში მხარს არავინ გიჭერთ, ფული უნდა გადაგიხადოთ და ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. არც ზურაბიშვილს შეეკითხებიან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება თუ არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.