გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა რა პირით უნდა შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა თავად არის მაგალითი კონსტიტუციის დარღვევის და ამით ამაყობს
საკონსტიტუციო სარჩელის დაწერას სამი თვე მოუნდნენ. ეს მეტყველებს, რომ ოთხ-ხუთგვერდიან კანონში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელს გამოეხმაურა.
„პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილა, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. რა პირით უნდა შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა თავად პრეზიდენტია იმის მაგალითი, რომ კონსტიტუციას არღვევს და, ამავე დროს, ამით ამაყობს. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილს კანონი თავიდან ბოლომდე არც აქვს წაკითხული. უთხრეს, ეს უნდა გააპროტესტო, რუსული დაარქვაო და ამას აკეთებს. არ გააკეთებს და მისი აჯობებს. აგენტურის ხვედრი ასეთია – რასაც გეტყვიან, თუ არ გააკეთებ, შემდეგ პიროვნული დეგრადაცია დაიწყება. სამწუხაროდ, ზურაბიშვილმა ქვეყანა გაცვალა ოჯახის წევრების დაწინაურებასა და თავის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.