გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის ახალი შეთქმულების თეორია იმავე მარცხს განიცდის, როგორც ადრე მისმა ინიციატივებმა განიცადა
სალომე ზურაბიშვილის ახალი შეთქმულების თეორია იმავე მარცხს განიცდის, როგორც ადრე მისმა ინიციატივებმა განიცადა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს ინიციატივები სიმართლეს და ქვეყანას არ ემსახურება.
„სალომე ზურაბიშვილი წვალობს, ხან მედიას დაიბარებს, შუამავალი ვიქნებიო, ხან ოპოზიციას ეუბნება, მშვიდობის მტრედი ვიქნებიო, ხან უცხოელებს ეუბნება, საქართველოს რადიკალიზმში გადავიყვან და თქვენ პოლიტიკაში გამიშვითო. ახლა ახალი შეთქმულების თეორიით გამოვიდა, რაც იმავე მარცხს განიცდის, როგორც ადრე მისმა ინიციატივებმა განიცადა, რადგან ემსახურება არა სიმართლეს და თავის ქვეყანას, არამედ უსამართლობას და უცხო ქვეყანას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.