გურამ მაჭარაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენს ყოველ მეორე მოქალაქეს აშშ-მა ვიზაზე უარი უთხრა, ამავე დროს ამბობენ, რომ საქართველოს გვერდით დგანან, ეს შეურაცხყოფაა
შეურაცხყოფაა, როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია, რომ, ვიზების მიღების თვალსაზრისით, გაცილებით უკან ვართ, ვიდრე რუსეთი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, დოკუმენტით პირდაპირ დასტურდება, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარი უთხრეს და ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავთ და საქართველოს გვერდით დგანან.
„ამერიკის ელჩი რამდენიმე თვე თავს იკავებდა და ჩვენც ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მივყვებოდით, მაგრამ ამერიკის ელჩმა, პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ წითელი ხაზების გადაკვეთაა, როცა ტყუილებს აკადრებ ჯერ საკუთარ თავს, ქვეყანას და შემდეგ ქართულ საზოგადოებას. როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს დასკვნას, სადაც პირდაპირ წერია, რომ, ვიზების მიღების თვალსაზრისით, გაცილებით უკან ვართ, ვიდრე რუსეთი, ეს შეურაცხყოფაა. მაგიდაზე ერთ მხარეს დევს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარი უთხრეს და ამავე დროს ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავთ და საქართველოს გვერდით დგანან. ეს პირდაპირი ტყუილი და შეურაცხყოფაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.