გურამ მაჭარაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო ანტიევროპულია, რომელსაც დავძლევთ
ანტიევროპული ვეტო უნდა დავძლიოთ და ევროპული კანონმდებლობა მივიღოთ, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს.
როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს პოლიტიკური შენიშვნები გაუგზავნა.
„პრეზიდენტმა პოლიტიკური შენიშვნები გამოაგზავნა, მას სამართლებრივი შენიშვნები ვერც ექნებოდა, რადგან არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის ისეთი მაღალი კვორუმი, როგორიც ჩვენ გვაქვს ცესკო-ს დაკომპლექტებისთვის. ეს არის პოლიტიკური ხასიათის, ანტიევროპული ვეტო, რომელსაც დავძლევთ. სალომე ზურაბიშვილი ჩაწერილია უცხოური ძალების წევრებში. უნდათ, ცესკო-ზე შტურმი მიიტანონ, რაც მათი ხელწერაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.