გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს საპატიო პირველი ადგილი საერთაშორისო სასამართლოდან გადასცეს და წაიკითხოს, სადაც წერია, რომ მან დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა, ამაში ვერავინ შეეცილება
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ პასპორტი გადაშალოს და ჩახედოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. სულ მცირე, იურისტი მაინც ხომ არის და უნდა იცოდეს, საქართველოში პოლიტიკაში მოსვლა ვის შეუძლია, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილს საპატიო პირველი ადგილი საერთაშორისო სასამართლოდან გადასცეს და წაიკითხოს, სადაც წერია, რომ მან ხელისუფლებაში დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა. მას ამაში ნამდვილად ვერავინ შეეცილება და პირველი ადგილი აქვს. რაც შეეხება პოლიტიკას, ჯერ პასპორტი გადაშალოს და ჩახედოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. სულ მცირე, იურისტი მაინც ხომ არის და უნდა იცოდეს, საქართველოში პოლიტიკაში მოსვლა ვის შეუძლია, რომელი ქვეყნის მოქალაქეს. მომავალში ის იქნება, რომ არჩევნების დროს ან ციხეში იჯდება, ან „ვივამედში“ და იქიდან დააკვირდება მის მიერ დაფუძნებული პარტიის მილევად პროცესს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ვინმე თუ ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს, ვემზადებით გასამარჯვებლად, აბა, რისთვის ჩამოვედი აქ?!“