გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის მსგავსად, „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტები მილიონებს იხდიან, რათა საქართველო გააშავონ
„ფორმულას“ დაქირავებული ლობისტები ნახევარ მილიონს და მილიონებს იხდიან სააკაშვილის მსგავსად, იმისთვის, რათა საქართველო გააშავონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„„ფარა“ კარგად მუშაობს, მისი ანალოგის მიღება საქართველოში გვინდოდა და გვითხრეს, რომ რუსული არისო. ე.წ. რუსული კანონი კარგად მუშაობს ამერიკაში. ვნახეთ, რომ „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტები ნახევარ მილიონს და მილიონებს იხდიან სააკაშვილის მსგავსად, იმისთვის, რომ საქართველო გააშავონ. მათი მიზანია, კანონიერად ციხეში მყოფი სააკაშვილი გაათავისუფლონ და სახელმწიფო ინსტიტუტებს დაარტყან, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ და ლობისტურ კამპანიებში ფულს ტყუილად ხარჯავენ. „ფარას“ მეშვეობით გამოვლინდება, რომ რაც უნდათ, ქვეყნისთვის საზიანოდ გამოიყენონ, ამ მიმართულებით შედეგს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, „კორნერსტოუნის“ ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ისეთი ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებთან, როგორებიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, ბრუკინგსი, ჰადსონის ინსტიტუტი, მაკკეინის ინსტიტუტი, ჰერითიჯის ფონდი და ა.შ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას უკავშირდება.