გურამ მაჭარაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფიქსირა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფიქსირა.
როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, საზოგადოებისთვის ინტერესის საგანია ის, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთა არსებობს.
„შეიძლება, რაღაცაზე პარტიები შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს, რადგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ. „ლელოს“ მხარდამჭერები ბუნებრივად არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პირიქით. ფორმულა, რომ რამდენიმე პარტია ერთ კანდიდატებზე შეთანხმდეს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არ აისახება.
გარდა ამისა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ჭკუას მაინც ვერ სწავლობს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებით ბევრი წააგეს, მათ შორის 2020 წლის არჩევნებში. თუ მსგავს ფორმატს გააგრძელებენ, მათი პოლიტიკური მომავალიც ასეთი იქნება“, – დასძინა მაჭარაშვილმა.