გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ნიკა მელია დაასახელონ, თავად თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებდა, მერამდენედ უნდა შევიდეს წაგებულ თამაშში
დარწმუნებული ვარ, მერობის კანდიდატობა ნიკა მელიას არ უნდოდა, რადგან თავად თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებდა. მერამდენედ უნდა შევიდეს წაგებულ თამაშში – როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მისი კანდიდატურა დააყენონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლება. როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთო კანდიდატი ვერ ეყოლება. შეიძლება რამდენიმე პარტიას ჰყავდეს ერთი კანდიდატი, რამდენიმე კანდიდატი იქნება ოპოზიციიდან. ჩვენ გარდა, ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ კახი კალაძეს კონკურენციას ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაუწევს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი აპირებენ კანდიდატები დააყენონ, რაც დემოკრატიის ნაწილია. თავად აანონსებენ, რომ მათი კანდიდატები მარცხისთვის არიან განწირული. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ოპოზიციის ნაწილი აქედანვე იწყებს მზადებას, რათა არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრონ, რაც არ გამოუვათ, რადგან ყველა მათი ნაბიჯი გაშიფრულია. არ მგონია, კალაძე და მელია ერთმანეთს უნდა შევადაროთ. კალაძე არის წარმატებული მეურვე მერი, მელია არის წარუმატებელი პოლიტიკოსი და ეს არაერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.