გურამ მაჭარაშვილი - როდესაც პარტნიორისგან ითხოვ გულწრფელ ურთიერთობას და შენ სანქციების, ომში ჩართვის ენით ელაპარაკები, ბუნებრივია, ეს ხელს ვერ შეუწყობს ამ პარტნიორულ ურთიერთობებს
მინდა, საზოგადოებას შევახსენო „ხალხის ძალის“ განცხადებები, სადაც ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, რომ აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში ითხოვ პარტნიორისგან გულწრფელ ურთიერთობას და შენ სანქციების ენით ელაპარაკები, ეს ხელს ვერ შეუწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს“.
„ნათელი მაგალითი იყო, მაგალითად, მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება საელჩოში და პასუხის მოთხოვნა, რატომ მიიღო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება. მაშინ ელჩმა ძალიან გულწრფელად თქვა, რომ მათ ამაში ფული აქვთ გადახდილი. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დასანქცირებაც თავისთავად უსაფუძვლოა. პირდაპირ ამბობენ, რომ არ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, არ არსებობს და როგორ წარმოადგენენ. როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში ითხოვ პარტნიორისგან გულწრფელ ურთიერთობას და შენ სანქციების ენით ელაპარაკები, ომში ჩართვის ენით ელაპარაკები და ა.შ., ბუნებრივია, რომ ეს ხელს ვერ შეუწყობს ამ პარტნიორულ ურთიერთობებს. „ხალხის ძალის“ პოლიტიკა რაც იყო, გაგრძელდება, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, ეს დასანქცირება არის მორიგი ნაბიჯი იმისა, თუ რა უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს შეერთებული შტატები, არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ 2012 წლის შემდგომ ქართული მართლმსაჯულება აშკარად წინ არის წაწეული.
„ძალიან ნათელი დადასტურება „ხალხის ძალის“ განცხადებებისა ისიც არის, რაც ისრაელის ხელისუფლებამ უთხრა თავისივე პარტნიორ შეერთებულ შტატებს, რომ ნუ ჩაერევა ისრაელის სუვერენულ უფლებებში, როგორ ჩაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა. დიდი რესურსების მქონე ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა, პირდაპირ კარი დაუხურა ამერიკას, ამერიკის ელჩს, ასეთი განცხადება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ასევე განცხადება იყო, რომ ომში ჩართვას უპირებდნენ თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი განცხადება რაც იყო, ამას ადასტურებენ დიდი სახელმწიფოები, მათ შორის ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ურთიერთობენ შეერთებულ შტატებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მართლმსაჯულების წევრებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც მისივე ინსტიტუტები და საერთაშორისო ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ ქართული მართლმსაჯულება 2012 წლის შემდგომ, ოთხი ტალღის შემდგომ აშკარად წინ არის წაწეული, ამას თავად ელჩიც კი აღიარებდა 2019 წელს. ამიტომ, ბუნებრივია, არავინ დაიჯერებს, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე ობიექტურობასთან იყოს კავშირში. „ხალხის ძალა“ ვიქნებით იმ სადარაჯოზე, რასაც ჰქვია, საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.