გურამ მაჭარაშვილი - როცა მოლდოვა-უკრაინას სტატუსი მიეცი და ამბობ, რომ სტატუსს საქართველოც მიიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს
შარლ მიშელის განცხადებაში იკითხება ის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, სამწუხაროა ის მოცემულობა, როცა გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს ხელს უწყობს სწორედ ევროსკეპტიციზმს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, როცა მოლდოვა-უკრაინას სტატუსს აძლევ და ამბობ, რომ სტატუსს საქართველოც მიიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს.
„რუსული ნარატივია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ იყოს წარმატებული და ამას ხელს ასეთი განცხადებები უწყობს, რადგან ასოცირებულ ტრიოში საქართველო მოწინავე ყოველთვის იყო და არის, და როცა მოლდოვა-უკრაინას სტატუსი მიეცი და ამბობ, რომ სტატუსს საქართველოც მიიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, როგორც კი ბრიუსელიდან იმედიანი განცხადება კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება, მაგრამ ეს კრუნჩხვებიც განსხვავებულია. ვაშაძე ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, რომ შემდეგ ზღაპრებს ჰყვება, ქარის წისქვილებს ებრძვის და თავის ზღაპრებს ისე ჰყვება, რომ მისი პარტიაც არ იჯერებს და გამოღვიძებულს ეუბნებიან, შენი პარტია ჩამოიშალა და „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდიო. „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, მევენახე ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბევრი ღვინო დაწუროს, მაგრამ მას ფანტაზიებში გვარამიამ ჩაუსვარა, რადგან უთხრა, ღვინოზე რა განცხადებები გაქვს გაკეთებული, გაგახსენდესო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.