გურამ მაჭარაშვილი - როცა იწყალებ ადამიანს, რომელიც იბრძვის, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ამ დროს არავინ დაიჯერებს, რომ სტატუსის გამო გსურს ვიზიტები, პრეზიდენტის მიმართ ნდობა პრაქტიკულად განულებულია
პრეზიდენტის მიმართ ნდობა პრაქტიკულად განულებულია. როცა იწყალებ ადამიანს, რომელიც იბრძვის, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ამ დროს არავინ დაიჯერებს, რომ სტატუსი გინდა და ამიტომ გსურს ვიზიტები. მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან და მას ასეთ ვიზიტებზე ვერ დათანხმდებოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი პატივს არ სცემს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციას.
„საქართველოს იმ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, რომელმაც ხელისუფლების, საზოგადოებისა და მისი ამომრჩევლების წინააღმდეგ გაცხადებულად გაილაშქრა და შეურაცხყოფაც მიაყენა იმ საზოგადოებას, რომელიც მასთან ადმინისტრაციაში მივიდა. მას, როგორც პრეზიდენტს, პრობლემა არ აქვს, როცა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპარლამენტარი თუ უცხოეთიდან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი არასამართლიან, შეურაცხმყოფელ განცხადებას გააკეთებს. მისი მხრიდან ერთი განცხადება არ გვახსოვს, სადაც დიპლომატიურად მაინც გასცემდა პასუხს ევროპარლამენტარებს, ყოფილ თუ მოქმედ ელჩებს და ასე შემდეგ. მთავრობას ვისთვის უნდა დაეჯერებინა, პრეზიდენტისთვის, რომელმაც გვარამია შეიწყალა, რომელიც იბრძვის, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს თუ პრეზიდენტის თხოვნისთვის, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მიდის, რათა სტატუსზე ისაუბროს? მისი მხრიდან ეს არადამაჯერებელია და პრეზიდენტის მიმართ ნდობა პრაქტიკულად განულებულია. მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან და მას ასეთ ვიზიტებზე ვერ დათანხმდებოდა.
სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ დადგა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მხარეს. გარკვეული უცხოური ძალების მხარეს აღმოჩნდა, რომელთა გაცხადებული მიზანია საქართველოში მეორე ფრონტი, არეულობა და ხელისუფლების უკანონო შეცვლა. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და რეალობა. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს – როცა იწყალებ ადამიანს, რომელიც იბრძვის, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამ დროს ამბობ, ვითომ სტატუსი გინდა და ამიტომ გსურს ვიზიტები, ბუნებრივია, ამას არავინ დაიჯერებს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის სანდოობის ხარისხი იმ დონეზეა დაწეული, რომ უარი მიიღო. მან არ ახსნა გვარამიას შეწყალება, ეს ადამიანი პოლარიზაციის სიმბოლოა და ვითომ დეპოლარაზაციის საბაბით შეიწყალა. მას შეწყალების უფლება მემკვიდრეობით კი არ აქვს მიღებული, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ნება იბოძოს, ქართველ ხალხს უთხრას, რატომ შეიწყალა პოლარიზაციის სიმბოლო გვარამია, რომელიც ახლა იბრძვის, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. პრეზიდენტი პატივს არ სცემს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციას. ვინაიდან მან გადაწყვიტა, რომ პირადი ვიზიტი მაინც განახორციელოს, უცხოელ კოლეგებს უნდა მივმართოთ, იცოდნენ, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ვიზიტი, რისი უფლებაც მას ექნება მას შემდეგაც, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება. მას არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება, ოფიციალურად პოლიტიკური მოლაპარაკებები აწარმოოს. მას, როგორც მოქალაქეს, უფლება აქვს, უცხოეთში ჩავიდეს და ნებისმიერ დიპლომატს თუ პოლიტიკოსს შეხვდეს, მაგრამ ამის არც ლეგიტიმაცია და არც სამართლებრივი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.