გურამ მაჭარაშვილი - რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს, მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო
მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს დაემართა, როცა მელიას პოლიტიკური რომანი შესთავაზა და მელიამ უარყო, არ მჭირდებიო, ნორმალური ადამიანი პოლიტიკას დატოვებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პოლიტიკურ პენსიაზე გავა.
„ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. 2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ შორის ველოდები ჩვენს გამარჯვებას და ოპოზიციის პენსიაზე გასვლას. სხვათა შორის, პენსია გავზარდეთ, დამსახურებული პენსია ექნებათ. ისინი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პენსიაზე წავლენ. ხაზარაძეს პენსია არ დასჭირდება, რადგან ფული საკმარისად აქვს, მაგრამ პოლიტიკურ პენსიაზე ნამდვილად გავა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს. ამასთან, საკითხზე კომენტირებისას ნიკა მელიას გუნდის წევრმა, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არავისთან გაერთიანებას არ ფიქრობენ. „გამოვდივართ ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად, გვექნება ჩვენი ნომერი, სახელი, დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.