გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია იბრძვის, როგორმე დეპოლარიზაციის პუნქტი არ შესრულდეს, როგორი პოზიტიური სიგნალებიც არ უნდა წამოვიდეს ევროკავშირიდან, გლოვა აქვთ გამოცხადებული
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველ ჯერზე ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ახლაც, მას შემდეგ, რაც უკვე პრაქტიკულად შესრულებულია ყველა რეკომენდაცია, მიმდინარეობს ინსტიტუციური განვითარება, სტატუსზე უარის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
„საქართველოს მონაცემები როცა იყო პირველ ადგილზე ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროკომისიის დადგენილებებით და მათი მონაცემებით, შარშან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, ბუნებრივია, გარდა იმ 12-პუნქტიანი გეგმისა, რომელიც პრაქტიკულად უკვე შევასრულეთ, ქვეყანაში მიმდინარეობს ყველა ინსტიტუციური განვითარება, არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი, რომ ახლა უარი უთხრან საქართველოს. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს სურვილი, რადგან ევროკავშირი ეს არის გაერთიანება, რომელსაც უნდა სურდეს, რომ ნორმალური, დემოკრატიული, ჯანსაღი პროცესების მქონე ქვეყანა გაერთიანდეს. იმედი მაქვს, ასე იქნება და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, 12 რეკომენდაციიდან შესასრულებელი დარჩა ის პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია კი თავისი ქმედებებით ამ პუნქტის შესრულებას ეწინააღმდეგება.
„12-პუნქტიანი გეგმიდან ერთადერთი, რაც გასაკეთებელი დარჩა, არის დეპოლარიზაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც თავგამოდებით იბრძვის, რომ როგორმე ეს არ შესრულდეს. როგორი პოზიტიური სიგნალებიც არ უნდა წამოვიდეს ევროკავშირისგან, და ეს ასე ხდება, გლოვა აქვს გამოცხადებული რადიკალურ ოპოზიციას, ქმნის მცდელობებს, როგორმე დესტრუქციები მოხდეს, თუმცა ეს არ გამოსდის, არც გამოუვა. მთავარი მაინც ის არის, რომ ევროკავშირში ხედავენ, ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პირობები შესრულდეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.