გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დიდი გლოვა, არეულობაა, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო გულწრფელი აღმსარებელი იქნება, წლების განმავლობაში დასავლეთში დადიოდნენ და ქვეყანას აშავებდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში დადიოდნენ და ქვეყნის გაშავებით იყვნენ დაკავებული.
მისივე თქმით, ახლა ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო გულწრფელი აღმსარებელი იქნება.
„რადიკალურ ოპოზიციაში დიდ გლოვას და არეულობას ვხედავთ. ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო წინასწარ გულწრფელი აღმსარებელი იქნება – ვინ უფრო აშავებდა საქართველოს პარტნიორებთან ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში. წლების განმავლობაში ეს ხალხი დასავლეთში დადიოდა და ქვეყანას აშავებდა. ამას ჩვენ ვამბობდით და ორმა ოპოზიციონერმა დაადასტურა. ამ ყველაფერს საია-ს ყოფილი თავმჯდომარეც დაეთანხმა და თქვა, თურმე ოპოზიციის მიზანი სტატუსის არმიღება ყოფილა და მიღება ოპოზიციას დაანგრევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.