გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას გამოეცალა მანიპულაციების საშუალება, გამწარდნენ და გადაწყვიტეს, არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში, აქედან გამომდინარეობს დღევანდელი შოუ
პრაქტიკულად, გამოეცალა რადიკალურ ოპოზიციას ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, გამწარდნენ და გადაწყვიტეს, რომ, პრაქტიკულად, არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში, აქედან გამომდინარეობს ის ე.წ. შოუ, დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის ძირითადი მიზანია ფინანსური გამჭვირვალობა.
„როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა ეს კანონპროექტი, ამ მიზნებს და გამოწვევას უპასუხა ამერიკის კანონმა, მაგრამ ვნახეთ, რომ აშშ-ში იყო ეს კანონი საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო ამერიკის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ უნდა ყოფილიყო შედარებით ლოიალური. აქედან გამომდინარე, დავაინიცირეთ ისეთი კანონი, რომელმაც უზრუნველყო, ერთი მხრივ, ის, რომ უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა და, მეორე მხრივ, უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო ლოიალური, ვიდრე არის დღეს ეს შეერთებულ შტატებში. მაინც წავიდა სპეკულაციები და „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ მეორე კანონოპროექტი, ე.წ. „ფარა“, რომელიც მოქმედებს დღეს ამერიკაში. ამის შემდგომ ისევ გაგრძელდა სპეკულაციები. კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მივიღოთ. განვაცხადეთ, რომ გავაგზავნით ვენეციის კომისიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება, ვიდრე პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია არ მიიღებს დასკვნას. ამით, პრაქტიკულად, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაციები, თითქოს ან ერთი, ან მეორე კანონი იყო ე.წ. რუსული და ა.შ., მომსპარიყო. პრაქტიკულად, გამოეცალა რადიკალურ ოპოზიციას ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, მერე უკვე ძალიან გამწარდნენ და გადაწყვიტეს, რომ, პრაქტიკულად, არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის დღევანდელი ე.წ. შოუ, დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.