გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციაზე მოდის თავისი ნებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორია, უნდა შევახსენოთ, რომ ასე არ არის
დაანონსებული როგორც იყო, დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივი შეიკრიბება. 30 ოქტომბერს არის არჩევნების მეორე ტური და ჩვენ გვექნება შემაჯამებელი შეკრება. აუცილებელია, რომ გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციაზე თავისი ნებით მოდის და არა ვინმეს ძალდატანებით.
„2 ოქტომბერს საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი უმრავლესობით, მაგრამ რიგ მუნიციპალიტეტებში, 64-დან 20-ში არის მეორე ტურები. ჩვენ მოქალაქეებს მივმართეთ, რომ აუცილებელია, მეორე ტურებშიც საზოგადოება მოვიდეს და ბოლომდე მხარი დაუჭიროს პოლიტიკას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ეს ბოლომდე მისაყვანი გამარჯვებაა და სწორედ ამიტომ ორი დღით ადრე იქნება შემაჯამებელი შეკრება. რაც შეეხება აქციებზე ადამიანების შეკრებას, გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც წარმოედგინა და წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ ძალით ან დაშინებით მოჰყავდათ ადამიანები, ჰგონიათ, ყველა ასე იქცევა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციაზე მოდის თავისი ნებით.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, რომ 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორია, მათ უნდა შევახსენოთ, რომ ასე არ არის. ჰგონიათ, აქციების და შეკრების თავისუფლება მხოლოდ მათზე ვრცელდება. როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქცია კანონის ფარგლებში, ჩაატარა, ახლა თუ „ქართული ოცნება“ ახდენს საკუთარი მხარდამჭერების შეკრების მობილიზებას, რატომ არის მიუღებელი და რატომ ნერვიულობენ? – იმიტომ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. მათი მღელვარება გასაგებია, რადგან ისინი ნახავენ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ქვეყანაში რადიკალიზმი დამთავრდეს და დამთავრდეს ისეთი რადიკალური პოლიტიკური ძალის არსებობა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს საზოგადოება წარსულში დაბრუნებას ეუბნება უარს და სურს მომავალი.
აქციაზე ძალით ვინმეს მიყვანის დღეს აღარავის სჯერა. სახელმწიფოში ისეთი სისტემა შევქმენით, რომ არამც თუ აქციაზე ვერ მიიყვან ადამიანს ძალით, არამედ მათ შორის საჯარო სექტორშიც არიან ადამიანები, რომლებიც ღიად და საჯაროდ აფიქსირებენ თავის პოზიციას არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის სწორედ დემოკრატია და „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომელმაც ქვეყანაში ასეთი სისტემა შექმნა. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა, შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია აქვთ, რა სახის გადაადგილებები ხდება მაგისტრალურ გზებზე. ხალხის მოჭარბებული რაოდენობიდან გამომდინარე, ადამიანები აქციაზე მოდიან და რაც კანონის ფარგლებშია, შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს ზომები, ზედმეტად არ გადაიტვირთოს დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა. ჩვენც ვერ გადავაადგილდებოდით მაშინ, როდესაც 14 ოქტომბერს რუსთაველი მთლიანად გადაიკეტა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.