გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა თავად თქვა უარი თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე, როცა კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა, აღმოიფხვრება საბოტაჟი, რომელიც ცესკო-სთან დაკავშირებით იყო
პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თავად თქვა, როცა ხალხისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა. აღმოიფხვრება საბოტაჟი, რომელიც ხელოვნურად იყო შემოტანილი, მათ შორის უცხოური ძალების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.
„ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვერც პარტნიორებმა და ვერც ოპოზიციამ ერთი მაგალითიც კი ვერ მოიტანეს, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში იყო ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის ის წესი, რასაც გვთავაზობდნენ. აღმოიფხვრება საბოტაჟი, რომელიც ხელოვნურად იყო შემოტანილი, მათ შორის, უცხოური ძალების მხრიდან. ოპოზიცია არაერთხელ ვამეცადინე, თუ იციან, რამდენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია ცესკო-ში. მმართველ პარტიას ერთი ჰყავს, დანარჩენი რამდენია, იცით? არ იცით. ოპოზიციის ხელმძღვანელები დაფიქრდნენ და „საარჩევნო კოდექსი“ გადაშალონ, წაიკითხონ. ცესკო-ში ოპოზიციის რვა წარმომადგენელია და გადაწყვეტილებას თავმჯდომარე კი არ იღებს, არამედ ცესკო-ს უმრავლესობა. ვინ არიან უმრავლესობაში? როცა თქვენი შეკითხვები დეზინფორმაციას ემსახურება, სწორედ ამას ვებრძვით. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თავად თქვა, როცა ხალხისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.