გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა საზოგადოებას კი არა, ოპოზიციას მიმართა, კენჭისყრის დროს მარტო დარბაზი კი არა, მთლიანად პარლამენტი დატოვეთ, ქუჩაში გადით, არ გენდობით, შეიძლება, უცბად დარბაზში გაძვრეთო
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა საზოგადოებას კი არა, ოპოზიციას მიმართა, კენჭისყრის დროს მარტო დარბაზი კი არა, მთლიანად პარლამენტი დატოვეთ, ქუჩაში გადით, არ გენდობით, შეიძლება, უცბად დარბაზში გაძვრეთო

პრეზიდენტმა საზოგადოებას კი არა, ოპოზიციას მიმართა, კენჭისყრის დროს მარტო დარბაზი კი არა, მთლიანად პარლამენტი დატოვეთ, ქუჩაში გადით, არ გენდობით, შეიძლება, უცბად დარბაზში გაძვრეთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი გახდა.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ მას გული ეტკინა და უნდა გაითვალისწინოს, როგორ ეტკინა გული საქართველოს კონსტიტუციას, რომელზეც პრეზიდენტმა დაიფიცა და დაარღვია. ეს გამოსვლა პირდაპირ აღიარებითი ჩვენება, რადგან ჩვენ ვამბობდით, რომ პრეზიდენტი სტატუსის მოსაპოვებლად კი არ დადიოდა, პირიქით. მან თქვა, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, დამოუკიდებელი ინსტიტუტები. პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთში მიდის და ამბობს, მის ქვეყანაში დემოკრატია არ არის, კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ შეიძლება. ამავე დროს, ის ოპოზიციის ლიდერი გახდა და საზოგადოებას კი არ მიმართა, არამედ ოპოზიციას, კენჭისყრის დროს მარტო დარბაზი კი არ დატოვოთ, მთლიანად პარლამენტი, ქუჩაში გადით, არ გენდობით, შეიძლება, უცბად დარბაზში გაძვრეთო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.