გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა
პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამწუხარო რეალობაში თავიდან ბოლომდე დამნაშავე თავად პრეზიდენტია.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიპოვა წასვლა ევროპული ვიზიტების მიზეზებით. იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა. ამას დიდი სიხარულით არ ვამბობთ. მას ჰქონდა შემთხვევები, როცა კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ბოლო იმდენად აშკარა იყო, რომ, პრაქტიკულად, საქართველოს საზოგადოებას თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე რეაგირების არქონა შეურაცხყოფა იქნებოდა თავად კონსტიტუციისთვის. ეს სამწუხარო რეალობაა, რაშიც თავიდან ბოლომდე დამნაშავე თავად პრეზიდენტია. ბევრი მტკიცებულება არ დაგვჭირდება, გავიგოთ, რისთვის მიდიოდა პრეზიდენტი ევროპაში, მათ შორის არაევროპულ ქვეყნებში. მან პარლამენტში განაცხადა, რომ თანახმა იყო, როცა საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი. მეტიც, წელსაც თანახმაა, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, რადგან, მისი აზრით, თურმე საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს. ასეთ შემთხვევაში მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას ვერ მისცემდა, რომელიც იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ უნდა წასულიყო, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვთ არჩეული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.