გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა არც თვითონ იცის, რა უნდა და ვერც ხალხს აგებინებს, ვისაც კონსტიტუცია არაფრად მიაჩნია და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მისი არც ჭიქა ყავა მინდა და არც მოსალმება
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა არც თვითონ იცის, რა უნდა და ვერც ხალხს აგებინებს, ვისაც კონსტიტუცია არაფრად მიაჩნია და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მისი არც ჭიქა ყავა მინდა და არც მოსალმება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა არც თვითონ იცის, რა უნდა და ვერც ხალხს აგებინებს.

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ამბობენ, პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი არ იქნებაო. აბა, რაზე უნდა ისაუბრონ? მგელი და კრავი ერთად როგორ მოძოვს? პრეზიდენტს თავისი ფორმალური კონსტიტუციური უფლებები აქვს. ამბობენ, სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე არ ვისაუბრებთო და თუ ჭიქა ყავაზე ისაუბრებენ, ეს მისი ნებაა. დანარჩენი, სერიოზული აღქმა არ შეიძლება იყოს ფანჩატურიზაციაში, რაც ზურაბიშვილმა წარადგინა. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუცია არაფრად მიაჩნია და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მისი არც ჭიქა ყავა მინდა და არც მოსალმება“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ჩაერთვება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“.