გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტი თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის, სამწუხაროდ, რაზეც ეტყვიან, ვეტო დაადოს, დაადებს
პრეზიდენტი თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის, სამწუხაროდ. რაზეც ეტყვიან, რომ ვეტო დაადოს, ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას.
მისი თქმით, პრეზიდენტი მართალია, რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ თვითონ ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში.
„პირველ რიგში, ნახევრად ხუმრობით უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, რამდენად უფლებამოსილია, ვეტო დაადოს. ესეც გადასახედია, რადგან თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ კონსტიტუციაში აინტერესებს მხოლოდ 59-ე მუხლი, სადაც უწერია, რომ საგარეო ურთიერთობებში თვითონ არის წარმომადგენელი და დანარჩენი მუხლები არ აინტერესებს, შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტის მიერ ხორციელდება, მხოლოდ ამ მუხლით შეიძლება, ისარგებლოს და ვეტო თუ არ არის, გადასალახიც არაფერი გვაქვს.
ეს ნახევრად ხუმრობით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ასახელებდა და ასახელებს ასეთ აბსურდულ არგუმენტებს, თუ რატომ დაარღვია კონსტიტუცია. ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის, სამწუხაროდ. შესაბამისად, რაზეც ეტყვიან, რომ ვეტო დაადოს, ვეტოს დაადებს. რაზეც ეტყვიან, რომ ხელი არ მოაწეროს, არ მოაწერს და ა.შ. მართალია, რთულ მდგომარეობაშია მართალია, მაგრამ თვითონ ჩაიყენა თავისი თავი ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.