გურამ მაჭარაშვილი - პრემიერი მიმართავს შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და ჰყვება ნიშანდობლივ ისტორიას, არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა იყოს სუბიექტური და ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს
პრემიერი მიმართავს ახალგაზრდებს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰყვება ნიშანდობლივ ისტორიას, არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა იყოს სუბიექტური და ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის წერილში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ადამიანზე, მათ შორის, იმათზე, ვინც შეცდომაშია შეყვანილი.
„ირაკლი კობახიძის წერილში ნამდვილად იგრძნობოდა გულწრფელობა, რა გულწრფელობითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. უნდა ითქვას, რომ ასაკი ინდულგენცია არ არის, არც შუახნის ასაკის, არც შუახანს გადაცილებულს და არც ახალგაზრდებს, არავის აქვს უფლება, მხოლოდ იმან ისაუბროს საზოგადოების სახელით. სამწუხაროდ, ისტორიაში არაერთხელ გვახსოვს თაობათა შორის დაპირისპირება. ამიტომ პრემიერის ეს წერილი იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, ზოგიერთი, შეიძლება, შეგნებულად არის წასული ამ ძალადობრივ აქციებზე, მაგრამ უმრავლესობა შეცდომაშია და სწორედ ამ გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს პრემიერი და ჰყვება ამ მოკლე და ნიშანდობლივ ისტორიას, რომ არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა იყოს სუბიექტური, ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს, მით უმეტეს, თუ საკუთარი ქვეყნის ისტორია გაინტერესებს და უახლესი ისტორია, რომელიც ახლაც იწერება შენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ზუსტად ამ ადგილზე იდგნენ ის ახალგაზრდები, მეც მათ შორის, სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომლებიც ვითხოვდით დამოუკიდებლობას. პარადოქსია, მაგრამ დღეს პირიქით ხდება – ვითხოვთ სხვაზე დამოკიდებულებას, სუვერენიტეტის არა დაცვას, არამედ შეზღუდვას. სწორედ აქედან გამომდინარეობს პრემიერის წერილი, რომ არ შეიძლება, ასაკის მიხედვით მოვახდინოთ სტიგმატიზაცია და ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი, როცა 29 წლის ბერბიჭაშვილმა მოკლა 60 წლის ილია ჭავჭავაძე და რა ვქნათ, გავამართლოთ, რადგან ის იყო ახალგაზრდა და ილია – მოხუცი? ეს მაგალითი, რომ ახალგაზრდა ბერბიჭაშვილმა მოკლა მოხუცი ილია ჭავჭავაძე, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ ასაკით არ განისაზღვრება, რა არის მართალი და რა – არასწორი. პრემიერის წერილში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ადამიანზე, მათ შორის იმათზე, ვინც შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.