გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკური სპეკულაციები, ბულინგი არის მელიასა და მისი მხარდამჭერების მხრიდან, სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სადარაჯოზე უნდა იყვნენ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს თუ არა ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სადარაჯოზე უნდა იყვნენ. მაჭარაშვილის განმარტებით, სამართალი არის იქ, სადაც კანონი სრულდება.
„ნიკა მელიას გუშინ სადეპუტატო იმუნიტეტი მოვუხსენით, ანუ, ის რიგითი მოქალაქე გახდა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სადარაჯოზე უნდა იყვნენ, რადგან სიმართლე და სამართალი არის იქ, სადაც კანონი სრულდება და სახელმწიფო სტრუქტურები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ.
პოლიტიკური დევნა არის მელიასა და მისი მხარდამჭერების მხრიდან. რატომ? სამწუხაროდ, უცხოეთიდან მისი ბელადი ცდილობს, პოლიტიკოსები დააბულინგოს, რომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში, კანონი არ შეასრულონ და ა.შ. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში, მელია კონკურენციაშია სააკაშვილთან, რამდენად სჯობნის, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციები და ბულინგი მათი მხრიდან არის, რის მიმართაც სახელმწიფო ინსტიტუტები ადეკვატურები იქნებიან“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.