გურამ მაჭარაშვილი - პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?
ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, სადაც ჩაწერეს, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და მედიამენეჯერია დავით კეზერაშვილი, ასეთ რეზოლუციებს და განცხადებებს ქართველი ხალხისთვის ფასი არ აქვს. წყალგამყოფი იქნება 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი აირჩევს არა ლგბტ ცხოვრებას, არამედ ტრადიციულ ცხოვრებას, ასევე აირჩევს მშვიდობას და არა ომს.
რაც შეეხება კურსს, ვიდრე უცხოელი აქტორები განცხადებას გააკეთებენ, მანამდე მაგიდის მეორე მხარეს მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებია, სადაც საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს საქართველო უსწრებს. ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ დემოკრატიის განვითარების კუთხით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და სად დაინახეს დემოკრატიის უკუსვლა და კურსის შეცვლა?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადოს თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.