გურამ მაჭარაშვილი - პირდაპირ თუ საუბრობენ, რომ ის კანონები მივიღოთ, რასაც გვეტყვიან ამერიკა ან ელჩი, ცოტა ხანში ალბათ გვეტყვიან, ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ, რასაც გეტვით, ის გააკეთეთო
გურამ მაჭარაშვილი - პირდაპირ თუ საუბრობენ, რომ ის კანონები მივიღოთ, რასაც გვეტყვიან ამერიკა ან ელჩი, ცოტა ხანში ალბათ გვეტყვიან, ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ, რასაც გეტვით, ის გააკეთეთო

პირდაპირ თუ საუბრობენ, რომ საქართველოში ის კანონები უნდა მივიღოთ, რასაც გვეტყვიან ამერიკის ელჩი ან ამერიკა, ის ადამიანი უნდა გამოვუშვათ ციხიდან, ვისაც ისინი გვეტყვიან და ა.შ., ცოტა ხანში ალბათ პირდაპირი ტექსტით გვეტყვიან, რომ თქვენ ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტვით, ის გააკეთეთო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე.

„საინტერესო სურათი მივიღეთ, ევროპარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის მიღება ხელს შეუწყობს ფინანსურ გამჭვირვალობას და იგივე კანონი საქართველოში ხელს შეუშლის არასამთავრობო სექტორს. ეს კანონი ამერიკაში უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და იგივე კანონი საქართველოში საფრთხეებს შეიცავს. ამერიკული კანონის თარგმანში თუ არ გვეთანხმებიან, თვითონ თარგმნონ მეგობრულად და გამოაქვეყნონ ამერიკული ვარიანტის ქართული თარგმანი. თარგმანის შემდეგ თუ იტყვიან, რომ, უი, ეს მართლა რუსული ყოფილაო, მაშინ ჩვენც შეიძლება, დავფიქრდეთ. თუ იტყვიან, რომ ეს არის ამერიკული კანონი და ასეთს თუ მიიღებთ, თანახმა ვართო, იმას მაინც ვნახავთ, შეიძლება, თარგმანშია აცდენა ჩვენს და ამერიკელებს შორის. სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს. პირდაპირ თუ საუბრობენ, რომ საქართველოში ის კანონები უნდა მივიღოთ, რასაც გვეტყვის ამერიკის ელჩი ან ამერიკა, ის ადამიანი უნდა გამოვუშვათ ციხიდან, ვისაც ისინი გვეტყვიან და ა.შ., ცოტა ხანში ალბათ პირდაპირი ტექსტით გვეტყვიან, რომ თქვენ ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტვით, ის გააკეთეთო. ამას ისინი ახლაც ამბობენ სხვადასხვა მესიჯით, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ პირდაპირი ტექსტით იტყვიან. იტყვიან როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან. სხვა მეტი არაფერი არ დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საინტერესო იქნება „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე, განსაკუთრებით ამერიკულ ვერსიაზე, ვენეციის კომისიის დასკვნა.

„ამიტომ დავაინიცირეთ ჩვენ ზუსტად ერთი ერთში ამერიკული კანონპროექტი და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. საინტერესო იქნება ორივე კანონპროექტზე, განსაკუთრებით ამერიკულ ვერსიაზე ვენეციის კომისიის დასკვნა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს.