გურამ მაჭარაშვილი - პარტიებმა, რომლებიც არ უერთდებიან აქციებს, გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ ე.წ. აქციებს ლეგიტიმაცია არ აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. აქციებს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქციებით ხელის შეშლა არ შეიძლება.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ არის გამოტანილი და მის ბრალდებებთან დაკავშირებით არც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და არც ჩვენს პარტნიორებს კითხვები არ ჰქონიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. აქციებს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქციებით ხელის შეშლა არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ხარ პოლიტიკური ძალა, რომელიც ემიჯნები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
რაც შეეხება სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობას, მარტივი შეკითხვა მაქვს – ციხეში მისი რომელი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის არის – გირგვლიანის მკვლელობა იყო პოლიტიკური აქტი თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი? თუ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა თქვა, რომ სააკაშვილი მხილებულია დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში? პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ შეუერთდნენ აქციებს, მათთვის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროცენტულად უფრო დაბალი შედეგი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი გაზარდა, რადგან ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს მიჰყვებიან. იმედი მაქვს, ახლა ეს პარტიები მიხვდებიან, რომ 2024 წლამდე თავიანთი ნიშა უნდა დაიჭირონ. სხვა შემთხვევაში, ისინი მუდმივად დამოკიდებული იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.