გურამ მაჭარაშვილი - ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები უნდა იყოს და არა ვასალური დამოკიდებულება, ამერიკის დახმარებაზე იდარდონ ლომჯარიამ და გიგაურმა, ეს ფული ხალხს მაინც არ მისდის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში აშშ-ისგან საქართველოსთან დაკავშირებით ისმის ისეთი განცხადებები, რაც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის იმ განცხადებაზე, სადაც მილერი ამბობს: „ჩვენ განვაცხადეთ, რომ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ“.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე როცაა საუბარი, ვასალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს.
„ჯერ ის თქვას, ურთიერთობები რას ნიშნავს? ურთიერთობები ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები უნდა იყოს და არა ვასალური დამოკიდებულება – ბატონსა და მონას შორის. მაგალითად, რაც ბატონს ერგება, ის მონას არ ერგება. პარტნიორული ურთიერთობა ასეთი არ არის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ამერიკისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ თავად როგორი კანონიც აქვთ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს. ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. კონგრესმენი იმასაც კადრულობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას არც კითხულობს და საზოგდოებას გაუკუღმართებულ ინფორმაციას აწვდის. ფულად დახმარებაზე იდარდონ ლომჯარიამ და გიგაურმა, რადგან ეს ფული ქართველ ხალხს მაინც არ მისდის, მისდით ლომჯარიას და გიგაურს. იმათ ნაცვლად ვერ ვიდარდებთ, ამერიკა დააფინანსებს თუ არა მათ არასამთავრობო სექტორს. რაც შეეხება სანქციებს, რითი ვერ გაიგეს, რომ საუბარია საქართველოს სუვერენიტეტზე. თუ საქართველოს ისტორია არ აქვთ წაკითხული, წაიკითხონ და ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე ცვლიდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.