გურამ მაჭარაშვილი - ორ ე.წ. ქართველს უნდა, ეროვნულ ღირებულებად გაასაღოს უცხო ქვეყნის ინტერესების უფრო მაღლა დაყენება, თუ იქნება შეძახილები, მონა და მოღალატე, უნდა ვუპასუხოთ, არც ნატა ვართ და არც ვანო
საქართველოს პარტნიორად როცა მიიჩნევ და ერთი ხელით მეგობრობას მთავაზობ, მეორე ხელით – რევოლუციას, უკრაინიზაციას მიანონსებ, ქართველი ხალხისთვის ნათელია უცხოური ძალების მიზანი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, როგორც ჩანს, დღემდე ძალაშია განცხადება, „სააკაშვილის მთავრობა რომ იყოს ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდაო“.
„სხვა ქვეყნის წარმომადგენელი როცა უხეშად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და ამბობს, რომ უკრაინა საქართველოზე წინ არის, ანუ გვეუბნება, რომ საქართველოში უკრაინიზაცია უნდა დაიწყოს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ვინ ითხოვს მეორე ფრონტს საქართველოში. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პირდაპირ გვაძალებენ და რევოლუციას გვიანონსებენ. რატომ? სააკაშვილის მთავრობა რომ იყოს ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდაო, უკრაინის ხელისუფლებას ეს განცხადება რომ გააკეთებინეს, როგორც ჩანს, დღემდე ძალაშია“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
აშშ-ის კონგრესში მოწმის სახით ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გამოსვლასთან დაკავშირებით მაჭარაშვილმა აღნიშნა: „რაც შეეხება ორი ე.წ. ქართველის გამოსვლას, მათ უნდათ, რომ ეროვნულ ღირებულებად გაასაღონ უცხო ქვეყნის ინტერესების უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე საკუთარი ქვეყნის. ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ჩემს კოლეგებს მივმართავ, ჩვენ მიმართ თუ ისევ იქნება შეძახილები – მონა და მოღალატე, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, არც ნატა ვართ და არც ვანო“.