გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რადგან მათგან ვერავინ ვერაფერს იგებს, აქციის ლოკაციასა და ფორმაზეც ვერ თანხმდებიან, ასეთ ხალხს არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რადგან მათგან ვერავინ ვერაფერს იგებს, აქციის ლოკაციასა და ფორმაზეც ვერ თანხმდებიან, ასეთ ხალხს არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აქციის ლოკაციაზე, დროსა და ფორმაზეც კი ვერ თანხმდება და რთულ სიტუაციაში იმყოფება.

მაჭარაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიციის ამომრჩევლის რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

ამავდროულად, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ამომრჩეველი გადააგდო, როცა უთხრა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს დაწერდნენ“.

„ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციისგან ვერავინ ვერაფერს იგებს. ერთს უნდა უნივერსიტეტთან შეკრება, მეორეს – „ლელოს“ ოფისში მსჯელობა, მესამეს – ჩათებში საქმის გარჩევა, მეოთხეს – ოფისში მისვლა, მეხუთე საერთოდ არ დადის არც აქციებზე და არც ოფისში. ეს მოცემულობა არის რადიკალური ოპოზიციის სახე, ელემენტარულად, აქციის ლოკაციაზე, დროსა და ფორმაზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, ასეთ ხალხს არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში.

აქედან გამომდინარე არის, რომ მათივე ამომრჩევლის რაოდენობა დღითი დღე მცირდება. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ის, რომ თავისი ამომრჩეველი გადააგდო რადიკალურმა ოპოზიციამ, როცა უთხრა, რომ ის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა. ახლა არამცთუ არ წერენ, არამედ უკვე აღარც აცხადებენ. ერთი, ორი და ხუთი ადამიანი რომ ლაპარკაობს, ეს არაფერია. მათ თქვეს, რომ 61-ვე ადამიანი დაწერდა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. გნებავთ, მეილით გამოაგზავნონ პარლამენტში. პრაქტიკულად, სამ დღეშია უკვე სხდომა და 25 ნოემბერს ჩვენ და ასევე მათი ამომრჩევლები ვნახავთ, რომ მორიგ ჯერზე მოხდება ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლების გადაგდება. შესაბამისად, ვერანაირი გეგმა ვერ ექნებათ.

როცა გინდა, ხელისუფლება შეცვალო, საზოგადოებაში, სულ მცირე, მორალური უპირატესობით უნდა სარგებლობდე და ამით საზოგადოების უმრავლესობა მხარს გიჭერდეს. გვარამიას როგორ ექნება მორალური უპირატესობა ხელისუფლებასთან შედარებით, როცა, სულ მცირე, 8-ათასწლიან ღვინოს შურაცხყოფას აყენებს და ხალხს აგინებს? როგორ ექნება მორალური უპირატესობა ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას არღვევს და საკუთარ ხალხს თავისივე ადმინისტრაციიდან შეურაცხყოფას აყენებს? მორალურ უპირატესობაზე როგორ ისაუბრებს ვაშაძე, რომელიც ხალხსაც და პაციენტებსაც აგინებს, ატყუებს და, ამავდროულად, ყველა ერთად მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას? ესენი აგზავნიან უცხოეთში ეპისტოლეს და ამბობენ, რომ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოურ ძალებს უნდა გადააბარონ. როცა არ გაქვს მორალური უპირატესობა, როცა არ გაქვს მშვიდობის განცდა, უმრავლესობის მხარდაჭერა ბუნებრივად ვერ გექნება. ამიტომ ყოველთვის დაბნეული იქნები, არც აქციაზე და არც არჩევნებზე არასდროს გექნება საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს არის ძირითადი არსი, რის გამოც ხალხი დაბნეულია და ერთმანეთსაც კი უპირისპირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.