გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს
რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ერთი მთავარი თვისება, რომ თუნდაც თავისივე სუბიექტური ინტერესებისთვის ვინმესთან გაერთიანდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ინტერესია, მათი წარმომადგენლები როგორმე შევიდნენ პარლამენტში.
„სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს მათ შორის ერთი მთავარი თვისება, რომ თუნდაც თავისივე სუბიექტური ინტერესებისთვის ვინმესთან გაერთიანდეს. ვერასოდეს ისინი ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ზუსტად იმიტომ, რომ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის გადარჩენა და ქვეყნის გაერთიანება. მათი ინტერესია, რომ მათი წარმომადგენლები როგორმე პარლამენტში შევიდნენ. ამიტომაც არის, რომ რამდენი პარტიაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, იმდენი პოლიტიკური ცენტრის შექმნა უნდათ, რაც ბუნებრივად არ გამოვა და ეს ძალიან კარგია. შესაბამისად, ვერც გაერთიანდებიან და ვერც ცალ-ცალკე ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს.
„ჩვენ ვიყავით მართალი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რაც შეეხება ოპოზიციის მომავალს, მისი მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს და ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია. ახლა ელოდება ახალ ორთქლმავალს, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიციამ პირველივე ტესტი ვერ ჩააბარა და იმედი არ მაქვს, რომ დანარჩენ ტესტებს ჩააბარებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.