გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ერთადერთი შანსია, საჩუქრების მისაღებად თოვლის ბაბუას წერილი გაუგზავნონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ერთადერთი შანსია, საჩუქრების მისაღებად თოვლის ბაბუას წერილი გაუგზავნონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ოპოზიციის ერთადერთი შანსია, წინასაახალწლოდ წერილი თოვლის ბაბუას გაუგზავნონ, რათა საჩუქრები მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს, იქნება ეს ბრიუსელში თუ ვაშინგტონში. ეს ხალხი პირდაპირ მტრობს ქვეყანას და, სამწუხაროდ, არც მალავენ. მათი სურვილი, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ, ამის ერთადერთი შანსია, წინასაახალწლოდ წერილი თოვლის ბაბუას გაუგზავნონ, რათა საჩუქრები მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.