გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს
ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, აღნიშნა, რომ სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება.
„სოციალურ ქსელში გაჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით „ცის ფერი“. ანუ, ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში. წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მივხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და, რაც მთავარია, ამ წიგნის დამფინანსებლებს (ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP). საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მოინათლოს. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას.
ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანება, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რაც პრაქტიკულად ბრძანების ტოლფასია, არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: დედა, მამა, ქალი, კაცი, ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, თურმე ტრასგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეიპარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, რომლებმაც ლგბტ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებას და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს მოაწერეს ხელი 2021 წელს, ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს. ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო.
ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება. შესაბამისად, საზოგადოების ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.