გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას პარლამენტში რაიმეს ინიცირება თუ უნდა, გადაშალონ რეგლამენტი და წაიკითხონ, რა არის ამისთვის საჭირო
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას პარლამენტში რაიმეს ინიცირება თუ უნდა, გადაშალონ რეგლამენტი და წაიკითხონ, რა არის ამისთვის საჭირო

ოპოზიციას პარლამენტში რაიმეს ინიცირება თუ უნდა, გადაშალონ რეგლამენტი და წაიკითხონ, რა არის ამისთვის საჭირო, ბრიფინგებზე დაანონსება არ ნიშნავს საკანონმდებლო ინიციატივას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელსაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

„ოპოზიცია წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და უნდა დაეწყოთ საქართველოს პარლამენტში მუშაობა, როგორც ჩანს, კარგად არ იცნობენ პარლამენტის რეგლამენტს, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიფინგებზე დაანონსება არ ნიშნავს საკანონმდებლო ინიციატივას, არც ამნისტიასთან დაკავშირებით, არც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, არც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით და აშ. ისეთი წარმატებით და სიხშირით რომ ევლოთ ოპოზიციონერებს პარლამენტში, როგორც ნიკა მელიასთან დადიოდნენ, მელია აქამდე გამოსულიც იქნებოდა ციხიდან და ეს წაადგებოდა ქვეყანას და თავადვე ოპოზიციას.

რაც შეეხება კონკრეტულად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მივიღეთ ეს ცვლილებები. ვინც განმეორებით ხულიგნობაზე და პოლიციელზე განმეორებით ძალადობაზე სანქციების გამკაცრების კატეგორიული წინააღმდეგია, მათთან მაქვს კითხვა, ვინმე თუ აპირებს, რომ ხულიგნობით აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია ან პოლიციელებზე იძალადოს და შეურაცხყოფა მიაყენოს? ამ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს მათი ეს ნარატივი. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ოპოზიციის ასეთი პოზიცია და მეორე, თუ მათ რაიმეს ინიცირება უნდათ საქართველოს პარლამენტში, გადაშალონ რეგლამენტი და წაიკითხონ, რა არის ამისთვის საჭირო. მესიჯებს სჯობს, რომ დააინიცირონ კანონი, თუკი ამის მიღება უნდათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი უზრუნველყოფს სამართლიან მიდგომას პოლიციელებთან მიმართებით.

„ის თავსებადია როგორც კონსტიტუციასთან, ისე საერთაშორისო პრაქტიკასთან და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის სამართლიანი მიდგომა იმ პოლიციელებთან, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები, ახლობლები და ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ეს ნუ გვავიწყდება. ისე საუბრობს ოპოზიცია, თითქოს პოლიციელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და არ ჰყავთ არც ოჯახები, არც ახლობლები და ისინი არ განიცდიან გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როდესაც მოქალაქე გარკვეულ კანონდარღვევას სჩადის და პოლიციელი მოუწოდებს, რომ შეჩერდეს, ის კი არ ემორჩილება და ფიზიკურად ძალადობს პოლიციელზე, ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას ახდენს ასეთ მოქალაქესთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნებისმიერ ასეთ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება  ჩვენი პოლიციელების წინააღმდეგ, არც საზოგადოება მიიღებს და არც შესაბამისი პროცესები ექნება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.