გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას მხოლოდ ლანძღვის, ტყუილების თქმის რესურსი აქვს, სამწუხაროდ, მათი მდგომარეობა ტრაგიკომიკურია, ამიტომაც აქვთ არასერიოზული შედეგები არჩევნებზე
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას მხოლოდ ლანძღვის, ტყუილების თქმის რესურსი აქვს, სამწუხაროდ, მათი მდგომარეობა ტრაგიკომიკურია, ამიტომაც აქვთ არასერიოზული შედეგები არჩევნებზე

ოპოზიციამ თავადაც კარგად იცის, რისი რესურსი აქვს. ერთადერთი, აქვთ რესურსი ლანძღვის, გინების, მეფეებს აგინონ, ხალხს აგინონ, ტყუილები თქვან და ესეც ეწურებათ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა ტრაგიკომიკურია.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები, მეორე გზაა, რაღაცნაირად მიდიხარ რეგულარულ არჩევნებამდე, რომელიც არის მომავალ წელს, ოქტომბერში, შემდეგ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან გაყარო. გულწრფელები თუ ვიქნებით, ალბათ ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

„გავიხსენოთ, 2021 წლის იანვრიდან დაწყებული, ყოველ მეორე დღეს თუ არა, ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ამბობდნენ, რომ ამ თვეში თუ არა, მომავალ თვეში მაინც იქნებოდა რიგგარეშე არჩვნები. მე მაშინ ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება, ოღონდ 2024 წლის შემოდგომაზე. ახლა აღმოჩნდა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე თურმე ყოფილა რიგითი არჩევნები. თუ ახლაც აპირებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ჩაატარონ 2025 წლის გაზაფხულზე, ალბათ ამას გულისხმობენ. სამწუხაროდ, ასეთი ტრაგიკომიკურია დღევანდელი ოპოზიციის და რადიკალური ოპოზიციის ეს მდგომარეობა. რესურსს რაც შეეხება, ეს ხალხმა ძლიან კარგად დაინახა. როგორც მტაცებელი ფრინველი, ასე დაფრინავენ, რომ სადმე რამე ტრაგედია ნახონ, პირადი იქნება, ზოგადი, ბუნებრივი თუ ასე შემდეგ. ახლა ველოდები, რომ, მაგალითად, ჰავაიზე დატრიალებული ტრაგედია, სადაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაკარგულია, გახდება მიზეზი და მიმართავენ აშშ-ის ხელმძღვანელობას, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ესენი ხომ ძლიან ამბიციურები, მაღალი დონის პოლიტიკოსები არიან. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ და ამიტომაც აქვთ არასერიოზული შედეგები არჩევნებზე, რიგითი იქნება თუ რიგგარეშე, მაგას ეგ ვერ უშველის. რაც შეეხება ზურა გირჩის სამ ვარიანტს, არ ვიცი, ზოგადად ტესტები ჩაბარებული აქვს თუ არა მაგას სადმე, ტესტებში ოთხი სავარაუდო პასუხია და მეოთხე უნდა შემოხაზოს, იქ წერია – არცერთი. ის მეოთხე შემოხაზოს და მიხვდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.