გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას, იცოცხლე, კარგი ფანტაზიები აქვს, მილიარდით დაიწყეს, 14 მილიარდზე ავიდნენ, მითია და ბარემ 140 მილიარდი უთხრან ხალხს, მათი რა მიდის?
ოპოზიციას იცოცხლე, კარგი ფანტაზიები აქვს, მილიარდით დაიწყეს, 14 მილიარდზე ავიდნენ, მითია და ბარემ 140 მილიარდი უთხრან ხალხს, მათი რა მიდის? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპული ფონდებიდან 14 მილიარდს მიიღებს. მათივე განმარტებით, ამ ფონდებზე წვდომა ექნებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ.
„იცოცხლე, კარგი ფანტაზიები კი აქვთ. მილიარდით დაიწყეს, 14 მილიარდზე ავიდნენ და 140 მილიარდზე იყოს, მათი რა მიდის? თქვე დალოცვილებო, ხალხს უთხარით, რომ 140-მილიარდიანი დახმარება შემოვარდება საქართველოში და სიღარიბე აღარ იქნებაო. ეს ისეთივე მითია, როგორც 14 მილიარდი და ბარემ ხალხს უთხრან, იქნებ რამდენიმე ადამიანი მაინც გადაიბირონ. მიხვდნენ, რომ ქართველი ფოჩიან კანფეტებზე თავის ქვეყანას არ ყიდის. ეს ხალხი ამბობს, ხელში ლგბტ დროშა დაიკავეთ, კაცები გაათხოვეთ და სამაგიეროდ ფოჩიან კანფეტებს მოგვცემენო. საქართველოს დამოუკიდებლობა, ეკლესია და ტრადიცია ფოჩიან კანფეტებზე არ იყიდება. ვისაც ასეთი მცდელობა ჰქონდა, ისინი ისტორიამ გვერდზე გასწია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.