გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას არაფრის თავი აქვს, პარლამენტში კაკანებდნენ და ახლა მათ ქუჩაში ახალგაზრდები არ ალაპარაკებენ, ოთხი მინისტრის ჩამოყვანა ბოლო გასროლა იყო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არ აქვს.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოთხი უცხოელი მინისტრის ჩამოყვანა „ოპოზიციისთვის ბოლო გასროლა იყო“.
„ოპოზიციას რევოლუციის რესურსი რომ ჰქონდეს, ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებს და ოთხ მინისტრს არ ჩამოიყვანდნენ და დააყენებდნენ რევოლუციურ სცენარზე. მათ არაფრის თავი არ აქვთ – პარლამენტში კაკანებდნენ და ახლა მათ ქუჩაში ახალგაზრდები არ ალაპარაკებენ. ოთხი მინისტრის ჩამოყვანა ოპოზიციისთვის ბოლო გასროლა იყო. უცხოური ძალა კარგად მიხვდა, რომ ჩვენ შევდექით, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მაჭარაშვილის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს და თუ ოპოზიციაში სურს ყოფნა, მაშინ თანამდებობაზე აღარ უნდა დარჩეს.
„რაც შეეხება ზურაბიშვილს, თანამდებობას არ დავტოვებო, ფეხები დააბაკუნა, ამას არ ვიზამო. პრეზიდენტი ზეპარტიულია და კონსტიტუციას მაინც ჩახედოს. ოპოზიციაში თავის ორეულს თუ გაუშვებს, არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად კონსტიტუციურად შეუძლებელია, თან პრეზიდენტი იყოს და თან ოპოზიციაში. ისე, საინტერესო იქნება, რადიკალი ოპოზიციონერები სალომეს ფერადი ქოლგის ქვეშ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.