გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია საქართველოში პოლიტიკური ძალების გაერთიანებაზე უცხოეთში დებს შეთანხმებას, რაც ადასტურებს, რომ პატრონების, უცხოური ძალის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს
საქართველოში პოლიტიკური ძალების გაერთიანებაზე შეთანხმების უცხოეთში დადება ადასტურებს, რომ ოპოზიცია პატრონების, ანუ, უცხოური ძალის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, რასაც ადრეც ვამბობდით და მტკიცებულებებიც სახეზეა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, შეთანხმების ხელმოსაწერად ოპოზიციამ ბრიუსელი აირჩია, რათა ყველას დაანახოს, საიდან იმართება მათი პოლიტიკური პროცესები.
„ოპოზიციაში კონფიგურაცია რომ კიდევ შეიცვლება, ეს ცხადზე უცხადესია, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჯერ დაიშლება თუ შემდეგ სხვა პარტიას შექმნიან, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან მარცხისთვის არიან განწირული. ბრიუსელი იმიტომ აირჩიეს, რომ ყველას დაანახონ, საიდან იმართება ოპოზიციის პოლიტიკური პროცესები – იმართება უცხოეთიდან. რომელ ერთიანობაზე საუბრობენ, ერთი საერთო განცხადება ვერ გააკეთეს და „ნაცმოძრაობის“ ორმა ლიდერმა, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ ახალ პარტიაში პოსტი ვერ გაიყვეს, ორივე თავმჯდომარეა“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩმა – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 25 ივნისს, ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.