გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოკლეფეხებიან ტყუილებს საუბრობს, საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის თავს მოხვევის გარდა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოკლეფეხებიან ტყუილებს საუბრობს, საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის თავს მოხვევის გარდა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას ტყუილებით ესაუბრება, რადგან ახალი პარლამენტის პირველ სხდომამდე სიების ჩახსნის უფლებამოსილება არ აქვთ.

მაჭარაშვილის თქმით, პარლამენტის სხდომამდე შესაძლებელია მხოლოდ იმ პირთა სიების ჩახსნა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

„ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოკლეფეხებიან ტყუილებს საუბრობს. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავიანთი მცდარი მოსაზრებები და დეზინფორმაცია საზოგადოებას თავს მოახვიონ. პირველ სხდომამდე ვერავინ სიებს ვერ ჩახსნის და ვერც განცხადებას დაწერს, რადგან პირველივე სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ხდება. პირველი სხდომის შემდეგ 150 დეპუტატი თავად წყვეტს, ვინ დარჩება პარლამენტში და ვინ – არა. სიების ჩახსნა პარტიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ხდება იმ წევრებზე, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა. ეს მათი ნებაა. ძალიან იბრძოდნენ, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უფლებამოსილება შეწყვეტოდათ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ჩახსნილი სიების აღდგენას გვთხოვდნენ. ეს არის მათი სტილი – ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.