გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ლეგიტიმაციას ეძებს არა ხალხისგან, არამედ უცხოელებისგან, მათი ერთობისა და კოალიციური მთავრობის არავის აღარ სჯერა
ოპოზიცია ლეგიტიმაციას ეძებს არა ხალხისგან, არამედ უცხოელებისგან, მათი ერთობისა და კოალიციური მთავრობის არავის აღარ სჯერა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია უცხოელების დახმარებით მოქმედებს და კონფიგურაციას აყალიბებს
„რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სახის ე.წ. შეთანხმებები და უცხოეთში ნოტარიუსით დამტკიცებები, ქართველი ხალხი მით უფრო მიხვდება, რომ ოპოზიცია ლეგიტიმაციას ეძებს არა ხალხისგან, არამედ უცხოელებისგან. რომელ ერთობაზეა საუბარი? ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძის ერთობა გვახსოვს, როცა ერთობა საპნის ბუშტივით ერთ კვირაში გასკდა. „ახლების“ ახალი პარტიაა, სადაც მელიამ და გვარამიამ თავმჯდომარის პოსტი ვერ გაიყვეს. რომელ ერთობასა და კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ? ამის არავის აღარ სჯერა. ამ სპექტაკლებს ხან ბრიუსელში მოაწერენ ხელს, ხან ზურაბიშვილთან. ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციის პატრონები, უცხოელები აორგანიზებენ. ოპოზიცია ვერანაირ კონფიგურაციას მათ გარეშე ვერ დაალაგებდა და ახლა ზუსტად ეს ხდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩმა – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.