გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგო, რომ შეიძლება, მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგო, რომ შეიძლება, მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ინტერესია, არ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას, პირდაპირი გაგებით, „აეწვა“, რადგან ნახეს, რომ, დიდი ალბათობით, შეიძლება დადგეს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საკითხი. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციაში საჭირო იქნება ცვლილებები. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგეს, რომ შეიძლება, ჩვენ შევრიგდეთ და მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, რადგან ეს ხალხი დაბლოკავს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ მცდელობა ჰქონდათ, ოსები და აფხაზები ოკუპანტებთან გაეიგივებინათ. წარმოიდგინეთ, რა იკადრეს. ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო და ოპოზიცია ამბობს, თურმე ოსებსა და აფხაზებთან ვომობდით. ეს არის მათი ნარატივი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი ინტერესია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.