გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ცდილობდა, ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა არ მოეცათ, შემდეგ - კანდიდატის სტატუსი, ახლა გადართული არიან, საქართველოს ევროპის საბჭოში შეზღუდვები დაუწესდეს და სანქციები ამოქმედდეს
ეჭვი არავის ეპარება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ეს პოლიტიკური მავნებლები წერენ ისტორიას, როგორი არ უნდა იყოს არასოდეს არცერთ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი საჯაროდ აღიარებული პოლიტიკური მავნებლები არიან.
„ოპოზიცია ცდილობდა, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა არ მოეცათ, შემდეგ კანდიდატის სტატუსზე გადაერთვნენ, ახლა გადართული არიან, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში შეზღუდვები დაუწესდეს და სანქციები ამოქმედდეს. ეს ხალხი საჯაროდ აღიარებული პოლიტიკური მავნებლები არიან. კარგია, რომ ხალხისთვის მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი ეროვნულ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ მავნებლებს შორის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.