გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ეს არც „ქართული ოცნების“ და აღარც უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს არ წარმოადგენს, რადგან შეთანხმება უკვე შედგა
ნიკა მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ეს არც „ქართული ოცნების“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს არ წარმოადგენს, რადგან შეთანხმება უკვე შედგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ნიკა მელიას ტაქტიკა ხვალ გახდება ცნობილი, გამოვა ციხიდან ამნისტიით, გირაოთი, თუ ისევ ციხეზე გააკეთებს არჩევანს, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან?“.
„გასაგებია, რომ მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ეს არ წარმოადგენს არც „ქართული ოცნების“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უკვე შედგა.
პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაწყებულია. შესაბამისად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მელია ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ პროცესს უნდა შემოუერთდნენ, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია.
ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. ახალი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაიწყო, რაზეც შესაბამისი განცხადებები გააკეთა როგორც შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე ევროკავშირმა. გამომდინარე აქედან, ჩვენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, სასესიო სხდომებზე ველოდებით ყველა ოპოზიციონერს, რომელმაც მოაწერა ხელი, ან რომელსაც სურვილი აქვს, მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შეთანხმებას მელია დაუსვამს წერტილს“. მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული პოზიციები, ვიდრე საქართველოს საზოგადოებას და უცხოელ კოლეგებს“.
„პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ისინი მარტო აღმოჩნდნენ იქ, სადაც ალბათ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ყოველ შემთხვევაში, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების რეკომენდაციებით და საქართველოს საზოგადოების შეთანხმებით, საქართველოში უკვე ხელოვნური კრიზისიც დასრულებულია და პოლიტიკური პროცესი ახლებურადაა დაწყებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.