გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერი უცხოელი პარტნიორის განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც ვაშაძის იყო, მშვიდობიანი აქცია მიდისო და უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა
გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერი უცხოელი პარტნიორის განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც ვაშაძის იყო, მშვიდობიანი აქცია მიდისო და უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა

ნებისმიერი ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც გუშინ ვაშაძის განცხადება იყო, რომელიც ტელეკამერებთან ამბობდა, მშვიდობიანი აქცია მიდისო და მის უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, სადაც იყვნენ ქვებით შეიარაღებულები მომიტინგეები, კარს აჯანჯღარებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ. კამერების წინ კი ვაშაძე ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია მიდიოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, გინება და შეურაცხყოფა ევროპული ღირებულება არ არის.

„როგორც ესაა რეალობა, ასეთივე რეალობაა ის განცხადება, რომელიც გავრცელდა მილერის მიერ. რაც გუშინ იყო, ესაა ევროპული ღირებულება?! თუ მათი გადმოსახედიდან ეს ევროპული ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ამას ვებრძვით და თვითონ ევროპაც ებრძვის. ჩახედოს ბატონმა მილერმა, გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომელიც შესაძლოა, იქ ძალადობდა, მაგრამ შემდეგ თეთრ სახლში ეს გაამართლეს, რადგან თურმე შტატებში საჭირო ყოფილა და საქართველოში ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა თურმე ევროპული ღირებულებაა. ამას უკვე აღარავინ დაიჯერებს და ტყუილად ნუ შეწუხდებიან. თეთრს შავად ვერავის ვეღარ მოაჩვენებენ და, მით უმეტეს, საქართველოს საზოგადოებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას თუ რამე აზიანებს, არის ისეთი განცხადებები, როდესაც საქართველოს საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ ტყუილებით და ცეცხლის წამკიდებლებს და ქვების მსროლელებს მშვიდობიან აქციად ნათლავენ.

„გამჭვირვალობას რომ ევროპული ღირებულების საწინააღმდეგოდ მონათლავენ, ეს აზიანებს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს. რაც შეეხება დახმარებას, ჩვენი ფსიქოლოგია, როგორც ჩანს, ვერ შეისწავლეს. ყველას მადლობას ვეუბნებით, რითიც გვეხმარებიან, მაგრამ თუ ამ დახმარებაში ისინი მონობას მოგვთხოვენ, ამას ვერ დავთანხმდებით. ის დახმარება თუ იმაში უნდათ, რომ ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ იყიდონ, ცეცხლი წაუკიდონ და საბოტაჟი მოახდინონ პარლამენტის კარზე, მაშინ უკან წაიღონ ასეთი დახმარება, რომელსაც ისეთი გაზის შესყიდვაში ხარჯავენ, რომელსაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს. ყველამ თავი დაანებოს ტყუილების თქმას, ეს აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ“.